„საქართველოს განვითარების ფონდმა“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დავით საგანელიძისა და აღმასრულებელი დირექტორის, ბესიკ ბუგიანიშვილის წარმომადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში. ღონისძიება, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს უპირატესობების, ბიზნეს სექტორების განვითარების პოტენციალისა და არსებული მხარდამჭერი პროგრამების განხილვას.
ფორუმი, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, 180-ზე მეტ წარმომადგენელს მასპინძლობდა სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან და ჯგუფიდან.
პანელურ დისკუსიაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა, ისაუბრა რეფორმირებული ფონდის სტრატეგიაზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე.
„რეფორმების შედეგად, ფონდი გახდა უფრო თანამედროვე, მოქნილი, ინვესტირებაზე ფოკუსირებული ორგანიზაცია,“ აღნიშნა ბესიკ ბუგიანიშვილმა. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კერძო სექტორის მხრიდან ინიცირებული კომერციული პროექტების მხარდაჭერითა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით. ამისთვის ფონდი პრიორიტეტულ სექტორებში ბიზნესის ეფექტიანი მხარდაჭერისთვის მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებს იყენებს, როგორებიცაა კაპიტალში მონაწილეობა, მეზანინური დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის სესხი და სინდიცირება.“
ფონდის ხელმძღვანელმა შესაბამის მაგალითებად მოიყვანა აბასთუმანში ბრენდული სასტუმროს მშენებლობის მხარდაჭერა კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, აგრეთვე სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, რომელიც ადგილობრივ ბანკებთან სინდიცირების პირველი წარმატებული მაგალითია.
ბესიკ ბუგიანიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა ფონდის საქმიანობის კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას და ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა ფონდის თანამონაწილეობით დაწყებული ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობასა და მის როლზე ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საინვესტიციო სექტორთან და გამოთქვეს მზაობა ფინანსურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.