სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შესახებ კანონის შესაბამისად, ფონდმა 2024 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგებები გამოაქვეყნა. ფონდის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, „Nexia“-მ ჩაატარა.
აუდიტორული ანგარიშის თანახმად, წმინდა მოგებამ 35.8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საოპერაციო მოგების თვალსაზრისითაც, კერძოდ, „საქართველოს განვითარების ფონდის“ საოპერაციო მოგებამ 23 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონსოლიდირებული ანგარიშგების მაჩვენებლებს, 2024 წელს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემოსავლებმა 41 მლნ ლარს გადააჭარბა, წმინდა მოგების მაჩვენებელის თვალსაზრისით კი 10.4 მლნ ლარის ზარალი დაფიქსირდა, რაც განპირობებულია ფონდის შვილობილი საწარმოს, სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ს (ATC) 2024 წლის უარყოფითი შედეგით. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ფონდისა და ისრაელის კომპანია „Elbit Systems – Cyclone“-ის ერთობლივ საწარმოს, რომლის საოპერაციო მართვას ახორციელებს „Elbit Systems – Cyclone“-ი.
ფონდის მიზანია სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ასათვისებლად, რითაც ფონდი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.
„საქართველოს განვითარების ფონდი“ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების განხილვასა და დამუშავებას. შეგახსენებთ, რომ რეფორმირების შემდეგ, ახალი წესდების თანახმად, ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა; ესენია: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ასევე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.