„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა
„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოსა და ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა, ბიზნეს წრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს აერთიანებს.
მინსკში „ქართული სახლი“ ოფიციალურად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ და თბილის მერმა კახა კალაძემ გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საქმიან ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მინსკში „ქართული სახლის“ გახსნა ამის საუკეთესო დასტურია. პროექტის განხორციელების იდეა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაიბადა. მისი მხარდაჭერით, „საპარტნიორო ფონდს“ ბელარუსში ალკოჰოლური სასმელების შეტანისთვის სპეციალური კვოტები მიენიჭა. ჩვენი ქვეყნის მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. ბელარუსი კი საქართველოსათვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ქართული სახლი“ კარგ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნეს კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ბელარუსის ბაზარს შესთავაზონ, იმედი მაქვს „ქართული სახლი“ მინსკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვს საინტერესო და სასიამოვნო ადგილი გახდება“, აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, რაჭული ლორი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები. მოწვეულმა სტუმრებმა „ქართული სახლი“ დაათვალიერეს და ქართული ნატურალური პროდუქტები დააგემოვნეს, ასევე, გაეცნენ საქართველოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
„ქართული სახლის“ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, არამხოლოდ დაათვალიერონ, არამედ შეიძინონ ქართული ნატურალური პროდუქტები. „ქართული სახლი“ ბელარუსში „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა.
0