დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით, წინანდლის ისტორიულ მამულში რეგიონში პირველი, „რადისონ ქოლექშენ“ ბრენდის სასტუმრო აშენდა

27 ოქტ 2018 0 177

   

წინანდლის ისტორიულ მამულში,  საქართველოში და რეგიონში პირველი  „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა. „რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით განხორციელდა.   

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პრეზენტაციის ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ,  ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ბიზნეს სექტორის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. განახლებული  წინანდლის  კომპლექსი მოიცავს: 1200-ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებს და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს 142 ნომრით, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს კლუბს.

„რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმროს პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„კახეთში პირველი ბრენდირებული სასტუმროს არსებობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის და შემოსავლების მხრივ  ეს კომპლექსი უფრო ეფექტური გახდება. ორიგინალური სტილის მქონე სასტუმრო საქართველოს სასტუმროების პორტფელს შეემატება. მისი წარმატების მთავარი საფუძველი კი ისტორიული ადგილი, კახური ტრადიციები და სასტუმროების გლობალური წარმომადგენლობის  უპირატესობა იქნება. „რადისონ ქოლექშენი“ საქართველოში სასტუმრო მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით  შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას. მაღალი კლასის სასტუმრო რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

პროექტის თანადამფინანსებელია „თიბისი ბანკი“.  სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია, აქედან „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარია.  წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია კი დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს. 

წინანდლის განახლებულ კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის  ნატიფი შერწყმა განთქმული გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

წინანდლის მამული ის ადგილია, საიდანაც საქართველოში ისტორიულად ვრცელდებოდა პროგრესული იდეები და მოწინავე ტექნოლოგიები. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ, ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, რომელიც საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესისა და მაღალეთიკური წარმოების კარგი მაგალითია. სიმბოლურია, რომ დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის, რომლის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად, რაც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდას.  

„რადისონ ქოლექშენი“ საპარტნიორო ფონდის მეორე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა რეგიონებში და მეორე პრეცედენტია, როცა მუზეუმის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროს პროექტი ხორციელდება. წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის გარდა, ბორჯომ-ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ტერიტორიაზე, ფონდის ძალისხმევით, აშენდა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, რომელიც დღემდე წარმატებით ოპერირებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ფონდმა გასულ კვირას „რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის“ პრეზენტაცია გამართა. „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით განახლდა და გაფართოვდა კახეთში „ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი“.

სასტუმროების მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დასრულებული პროექტებია: სასტუმრო „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში, მულტიფუნქციური სპა-გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში. ასევე, ქუთაისში სასტუმრო „Best Western“-ი. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, ფონდი ჩართულია თბილისში სასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონისა“ და სასტუმრო „ჰაიატის“ პროექტების განხოორციელებაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები