„საპარტნიორო ფონდს“ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია

29 აგვ 2019 0 2654

   

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება. „საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთის წამყვან ბიზნეს და საფინანსო კომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“, ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველო-ჩინეთს შორის სამთავრობათშორისო კომისიის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია. დელეგაციაში გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ხელისუფლების, საბაჟო სახლის და, ასევე, ფინანსური ბიუროს ხელმძღვანელი პირები შედიან. 

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციასთან შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელა.

მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარებასა და საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ფონდის ხელმძღვანელმა  შეხვედრაზე  დელეგაციის წევრებს გუანჭოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჩენ ჭუნციუმ მოაწერეს.

„საქართველოში გუანჭოუს ხელისუფლების დავალებით ვიმყოფებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. „საპარტნიორო ფონდი“ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად  მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ“, აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით ქართველი მეწარმეები 2020 წლის  16-19 აპრილის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები