„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

03 თებ 2020 0 2802

   

სს „საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხება ახალი ჰოლდინგის შექმნას და ამ ჰოლდინგში „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული 3 კლინიკის: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსა“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემის საკითხს.  

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მინისტრ ტიკარაძის მიერ გაჟღერდა გაცხადება იმის შესახებ, რომ  თითქოს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წლების მანძილზე ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძიება, რისი შედეგიცაა კლინიკებში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა. გასაკვირია, რომ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო სრულად იყო ჩართული საინვესტიციო პირობების შემუშავების პროცესში, მეტიც, მათი შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ასევე, სამინისტრო დეტალურად იყო ინფორმირებული „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯანდაცვის მინისტრად ქ-ნი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა და პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობაც ფონდმა ამის შემდეგ შეწყვიტა.  

ჩვენი აზრით, მთავარი პრობლება მდგომარეობს  იმაში, რომ  მინისტრს აქვს  რადიკალურად განსხვავებული ხედვა სახელმწიფო კლინიკების შემდგომი ფუნქციონირების მიმართულებით. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ   აღნიშნული კლინიკები უნდა დარჩეს  სახელმწიფო  მართვაში, რადგან „სახელმწიფოს დიდი ხანია ესაჭიროება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები, რომლებიც უფრო კარგად უზრუნველჰყოფენ სერვისების მიწოდებას.“

აღნიშნული ეწინააღმდეგება ფონდის სტრატეგიას, მოეძიებინა კერძო  სტრატეგიული კვალიფიციური ინვესტორი, რომელიც მოახდენდა კლინიკების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ეფექტურ მართვას, დანერგავდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და გადაამზადებდა თანამშრომლებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საპარტნიორო ფონდი“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორიმერებას იმის შესახებ, თუ როდის და რა მიზნით გადმოეცა ფონდს აღნიშნული კლინიკები.

კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ჯანდაცვის სამინისტრო) ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის #98 განკარგულების საფუძველზე, კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ფონდმა გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ საკონსულტაციო კომპანიასთან.   

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული მითითებული კვლევის პროცესში და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის #1588 განკარგულების შესაბამისად, ინვესტორის შესარჩევად ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარდა ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსი, მითითებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პროცედურების უზრუნველსაყოფად დაქირავებულ იქნა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საკონსულტაციო კომპანია.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის #2859 განკარგულების საფუძველზე, ფონდს დაევალა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ხოლო 2 მილიონამდე აშშ დოლარი ფონდმა დახარჯა გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად. 

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი (კვლევები, დაგეგმვა, კონკურსის ორგანიზება და ა.შ.) წარიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შეასაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეწყდა ინვესტორთან მოლაპარაკებები, ვინაიდან ინვესტორის მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა უწყებისთვის. შესაბამისად, ფონდის მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები, რომელებიც 2017 წელს მფლობელობაში გადაეცა ფონდის შვილობილ კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიას“.

ამ პერიოდის განმვალობაში „საპარტნიორო ფონდი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად აგრძელებდა მუშაობას კერძო ინვესტორის მოძიებაზე და კლინიკების სტრატეგიული განვითარების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში გამოცდილ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან.

შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში დასრულდა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან (Steward Health Care International limited) და შედეგად გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი კომპანიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის.

 მხარეთა მოლაპარაკების მიხედვით, ინვესტორი აიღებდა ვალდებულებას არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე JCI სტანდარტის მრავალპროფილური კლინიკის მოწყობაზე, მასში ინტეგრირებული ბავშვთა და ონკოლოგიური საავადმყოფოებით; გამოთავისუფლებულ შენობებში კი ინვესტორი მზად იყო თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყო. ასევე, მხარეთა შეთანხმდებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გარდა სამედიცინო მომსახურებისა განვითარებისა, იგეგმებოდა  მძლავრი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის შექმნა. ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა უარი განაცხადა ინვესტორთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებაზე და წარადგინა წინადადება აუქციონის ჩატარებაზე, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას „სტუარდის“ მსგავსი კომპანიებიც ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცესში და დაინტერესების შემთხვევაში, მათაც შესძლებოდათ წინადადების წარმოდგენა.     

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ჯანდაცვის სისტემისა და კლინიკების განვითარების სტრატეგია ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს, „საპარტნიორო ფონდს“ დავალებული ჰქონდა მხოლოდ ინვესტიციების მოძიება, რაც წარმატებულად შეასრულა. კვლავ ვუსვამთ ხაზს ზემოხსენებულს, რომ ორივე ინვესტორის და მათ შორის „Steward Health Care International limited“-ის წინადადება ცნობილი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ორივეჯერ სამინისტროს მიერ უარი ითქვა ინვესტორის შემოყვანაზე.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადება ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები