„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილური კომუნიკაციების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციის (WIC) სპეციალური მიწვევით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილური კომუნიკაციების კონგრესში  მიიღო მონაწილეობა.

ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვა, შესაძლებლობების განვითარება, მის ფუნქციონირებაში ინკლუზიურობისა და მწვანე ენერგიის გამოყენების უზრუნველყოფა. აუდიტორიას თავიანთი ხედვა გააცნეს ისეთი გლობალური ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებმა, როგორებიცაა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანება (ITU), Lenovo, ZTE Corporation და სხვები.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის წარმოადგენს კარგ პლატფორმას, არამედ ქვეყნებს შორის ამ დარგში სტრატეგიული პარტნიორობისა და დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს.

„საქართველოს უნიკალური მდებარეობა მას საშუალებას აძლევს, გახდეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების რეგიონული ცენტრი. ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჩვენი სიახლოვე იდეალურ გარემოს ქმნის ციფრული ინფრასტუქტურების დაკავშირებისთვის. ამ მიმართულებით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ როლია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომლებიც თანხვედრაშია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI-თან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ გეგმებთან.

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანაა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ინოვაციებისა და პროგრესისკენ სწრაფვა. ასე რომ, განგვიხილეთ, როგორც ერთგული პარტნიორი გლობალური ციფრული მომავლის ფორმირებაში“, განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა სიტყვით მიმართვისას.