„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაცია ჰონგ-კონგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჰონგ-კონგში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციის“ (WIC) საერთაშორისო სამიტში, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება იყო.

საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა 30 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, მთავრობების წარმომადგენელები, დარგის ლიდერები და ექსპერტები. ფორუმს სიტყვით მიმართა „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მისწრაფებაზე, მონაწილეობა მიიღოს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გლობალური მომავლის შენებაში.

„საქართველოს განვითარების ფონდი, როგორც სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი, მზად არის, ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით დაინტერესებულ საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლასა და პროექტების განხორციელებაში. საქართველოს სურვილია, სრულფასოვნად ინტეგრირდეს მომავლის გლობალურ სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების განვითარება ემყარებოდეს ეთიკური მმართველობის პრინციპებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას, რათა პროგრესი არ იყოს მხოლოდ მიზანი, არამედ საშუალება ადამიანისთვის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად“, განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მიწვეული სტუმრების სტატუსით საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ჰონგ-კონგის ჭუხაის ინსტიტუტში. საჯარო ლექციას, რომლის მთავარი თემა იყოს ინვესტირებისა და სტატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობა „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ინიციატივის ფარგლებში, ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრისას სიტყვით გამომსვლელებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის გაიმართა დისკუსია თემის შესახებ  და, აგერთვე, დაისახა პერსპექტივები ჰონგ-კონგისა და საქართველოს უნივერისტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიმართულებით.

ფონდის დელეგაცია, ასევე, ეწვია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქმიანი შეხვედრები გამართა ფინანსური სექტორის უმსხვილეს წარმომადგენლებთან. ორმხრივ შეხვედრებზე ხაზი გაესვა ჰონგ-კონგის, როგორც ფინანსური და ლოგისტიკური ჰაბის გამოცდილების გაზიარებასა და ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებს, ასევე, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.