„საქართველოს განვითარების ფონდში“ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს ჰიუგო დებრუაზსა და ეკონომიკური სამსახურის ოფიცერს ქლოი შევენეს რეფორმირებული ფონდის საქმიანობის სპეციფიკის, სტრატეგიისა და ქვეყნის მასშტაბით მის მიერ განხორციელებული ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ფონდის განსაკუთრებულ როლს, უცხოური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობასა და დამკვიდრებაში. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფონდის აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც დასავლურ, ასევე – აზიურ კომპანიებთან და საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ინვესტორთათვის განსაკუთრებულად  მიმზიდველია.

საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფრანგული კომპანიების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტების განახორციელებით დაინტერესებაზე. მათ გამოთქვეს მზადყოფნა ფრანგულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.