„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება“ - „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

12 სექტ 2017 0 2108

   

ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მყოფ საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის (PABSEC) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ოფიციალური დელეგაციის წევრები ჩინეთის ბიზნეს წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.

 
„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია,"- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ძიანგსის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას გააკეთა.
 
ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა ძიანგსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ მოუწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი ტექსტილის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი წიაღისეულის გადამუშავების სფეროებში გამოთქვეს. საუბარი შეეხო საქართველო - ძიანგსის პროვინციას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი სარკინიგზო კორიდორის გამოყენების საკითხებს. 
 
„საქართველო ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ ინტერესს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის მიზნით", განაცხადა ლიუ ციმ.
 
„ჩინეთი უკვე სამი წელია ჩვენი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრების მქონე ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამო საქართველოში როგორც ევროპული, ასევე აზიური კომპანიები შემოდიან და საკუთარი წარმოების გადმოტანას სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ მხრივ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა", განაცხადა დავით საგანელიძემ.
 
„საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა ძიანგსის გუბერნატორი და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამა წლის 28-29 ნოემბერს თბილისში „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია. თავის მხრივ, ძიანგსის გუბერნატორმა სქართველოს იმერეთის რეგიონისა და ძიანგსის პროვინციის დამეგობრების შესახებ ინიციატივა გამოთქვა.
 
ქართული დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, ასევე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები