„საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“ – ფონდმა საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

03 ივლ 2023 0 1048

   

„საპარტნიორო ფონდმა“ საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა სახელწოდებით „საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“.

ღონისძიება სიმბოლურად ფონდის მიერ დაფინანსებულ,  ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმო ATC-ში გაიმართა.  

ფონდის საქმიანობის შეამაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და „საპარტნიორო ფონდის“  მიერ გაწეული საქმიანობა  შეაფასა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. „საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, და დღევანდელი ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობით აშენდა ებრაულ კომპანიასთან ერთად. გარდა ამისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, როგორიც არის, მაგალითად, გარდაბნის თბოელექტროსადგური. ასევე, მინდა აღვნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი - სასტუმრო „რედისონ წინანდალი“, ასევე საირმის სპა-კურორტი, ბორჯომი ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე, თუნდაც, ჯინოს ცენტრი რაბათში და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი, რომლებზეც ფონდი მუშაობდა“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შეფასებისას.

ასევე, პრემიერმა ფონდის მენეჯმენტს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო, ჩვენი მთავრობის სახელით, გაწეული საქმიანობისთვის და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს შემდგომ საქმიანობას. ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომლებმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დამსწრე აუდიტორიას ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ იმ პროეტებზე, რომლებმაც ახალი დარგებისა  და მიმართულებების განვითარებას შეუწყო ხელი. ასევე, მან შეაჯამა ფონდის  საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.

„ფონდისთვის პრიორიტეტულია ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი  დარგების განვითარება. შესაბამისად, განხორციელებული პროექტების ძირითადი მიმართულებია: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, წარმოება. ხელი შევუწყვეთ, როგორც წარმოების, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი დარგების განვითარებას. საინვესტიციო საქმიანობის მიხედვით, ჯამური ღირებულება 1.8 მლრდ აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა მხოლოდ 257 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. დღესდღეობით ფონდის პროექტებში დასაქმებულთა რაოდენობა 3000-მდეა და მნიშნელოვანია, რომ ფონდის წარმატებული საქმიანობის შედეგად, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ინვესტირებულ ერთ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია 7 აშშ დოლარია. საშუალო უკუგება კომერციულ პროექტებზე 12.6%-ია, რაც ასევე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბიზნეს პროექტებისათვის. ფონდმა თავისი განვითარების ერთი ეტაპი გაიარა, დახურა ერთი ციკლი, მნიშნელოვანი საინტერესო საფეხური ქვეყნისთვის და ახლა განვითარების მეორე ეტაპზე გადავდივართ“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ფონდის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლები, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, ფონდის პარტნიორი  კომპანიები, ასევე, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა. ცვლილებები, რომლებიც ფონდის რეფორმირების მიზნით უნდა ამოქმედდეს, მოიცავს დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებისა და ფონდის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმების დაზუსტებას, ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფონდის სახელწოდების ცვლილებას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები