სს „საქართველოს განვითარების ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი. ის ფუნქციონირებას აგრძელებს 2011 წელს დაფუძნებული სს „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე, რომელიც ამ სახელწოდებით ფონდის რეფორმირებამდე, 2023 წლის სექტემბრამდე ფუნქციონირებდა.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ მთავარი მიზანია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).
ფონდის საქმიანობის მიზნებია:
- კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
- საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;
- ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით;
- ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
- განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
ფონდი შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობა
ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია ადგილობრივი და უცხოური ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით.
ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსებაში გამოიხატება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას, როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე – Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე, ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში, სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი) სესხების მეშვეობით.
ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 49%-ს, ფონდის თანამონაწილეობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მილიონი ლარისა და მისი წილი არ უნდა იყოს ამ პროექტის ღირებულების 30%-ზე მეტი.
პროექტის იდეის გენერირება და ინიცირება შესაძლებელია მოხდეს:
კერძო ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე ან ფონდის მიერ.
პირველ შემთხვევაში ინვესტორი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ფონდი განიხილავს. მეორე შემთხვევაში, ფონდი თავად ეძებს კერძო ინვესტორს კონკრეტული პროექტისთვის, წინასწარ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე.
ჩვენი უპირატესობები:
სტრატეგიის ფუნდამენტური ასპექტები
„საქართველოს განვითარების ფონდი“ აწარმოებს პროექტის სიღრმისეულ ანალიზს (ფინანსური ანალიზი, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი, სტრატეგიის რელევანტურობა, მმართველი გუნდის უნარი განახორციელოს შეთანხმებული სტრატეგია).
სფეროს ექსპერტული ცოდნა
სპეციფიკურ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველჰყოფს „საქართველოს განვითარების ფონდის“ გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ სექტორების შესახებ.
სტაბილურობა
„საქართველოს განვითარების ფონდის" საშუალო და გრძელვადიანი თანამონაწილეობა პროექტებში წინასწარ განსაზღვრული პირობებით.