სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.
ფონდს მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.
„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).
„საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობა
ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. მათ შორის შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა , წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.
დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზირებული ოპერატორები მართავენ.
ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსირებაში გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით.
ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 50%-ს. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.
პროექტის იდეის გენერირება და ინიცირება შესაძლებელია მოხდეს:
- კერძო ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე ან
- ფონდის მიერ. პირველ შემთხვევაში ინვესტორი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ფონდი განიხილავს. მეორე შემთხვევაში, ფონდი თავად ეძებს კერძო ინვესტორს კონკრეტული პროექტისთვის, წინასწარ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე.
ჩვენი უპირატესობები:
სტრატეგიის ფუნდამენტური ასპექტები
„საპარტნიორო ფონდი" აწარმოებს პროექტის სიღრმისეულ ანალიზს (ფინანსური ანალიზი, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი, სტრატეგიის რელევანტურობა, მმართველი გუნდის უნარი განახორციელოს შეთანხმებული სტრატეგია).
სფეროს ექსპერტული ცოდნა
სპეციფიურ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს „საპარტნიორო ფონდის" გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ სექტორების შესახებ.
სტაბილურობა
„საპარტნიორო ფონდის" საშუალო და გრძელვადიანი თანამონაწილეობა პროექტებში წინასწარ განსაზღვრული პირობებით.