.jpg)
დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს.
მას მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებებით:
„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, 2015 წლიდან, იგი აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა სს „საპარტნიორო ფონდს“.
თავისი კარიერული საქმიანობის პერიოდში იყო „თი-ბი-სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოსა და „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი, „ტრანსკავკასიური კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
2013 წელს იგი „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 2015 წლიდან დღემდე არის PABSEC-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი „აბრეშუმის გზის“ პროექტებში და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ხელმძღვანელი.
2017-2023 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიას საქართველოს მხრიდან; იყო ჩინეთის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიის „Huale International“ მრჩეველ-კონსულტანტი; არის საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს უფროსი მრჩეველი.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით (1977-1983). სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის ონკოლოგიურ სამედიცინო ცენტრსა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, აგრეთვე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპონდენტი. ასევე დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის (1995-1998), შემდეგ კი – იურისტის (1998-2001) სპეციალობით. არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნესსკოლების კურსდამთავრებული.
1999 წლიდან იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან და საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფებს. იყო ავსტრალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის სამეფოს, თურქეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების წევრი. 2012 წლიდან VIII მოწვევის პარლამენტში აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
დავით საგანელიძე 2 წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.