ავთანდილ სილაგაძე
ავთანდილ სილაგაძე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ამავდროულად, იგი არის ფონდის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე.
მას აქვს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება:
2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის VI მოწვევის წევრი, 1992-1998 წლებში – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, შემდეგ კი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი.
2013 წლიდან დღემდე არის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი.
თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში იგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პრორექტორი, კათედრის გამგე, პროფესორი (2006-1998), ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (1986-1992), ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი, დეკანის მოადგილე, დოცენტი (1981-1992), თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის (შემდგომ – უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია) სრული პროფესორი (2009-2013).
2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრას და არის თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი (2020 წლიდან).
სხვადასხვა წელს იყო პენინსულის (აშშ) ინფორმატიკის, განათლების და ბიზნესის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი. არის აშშ-ის განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თანათავმჯდომარე და მსოფლიო ეკონომისტთა ასოციაციის წევრი.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები როგორც ქართულ ისე უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, მოლდავურ და სხვა ენებზე.