ხამონის ინდუსტრია რაჭაში

სტატუსი:
მიმდინარე პროექტი
პროექტის ღირებულება:
$0.7 მლნ

„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“-ის შვილობილი კომპანია „Native Georgian“-ის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი, რომელიც ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ხამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს. 

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და  სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა სოფელ ღარში მიმდინარეობს. პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 700 ათასი აშშ დოლარია.  

  • ადგილმდებარეობა: სოფელი ღარი, რაჭა