„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა
COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ამჯერად რუსთავში გამართა. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.
„საპარტნიორო ფონდმა ძალიან კარგი ტრადიცია დაიწყო, ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩინეთიდან ჩამოტანილ პირბადეებს და თერმოსკრინინგის აპარატებს ვურიგებთ იმ ქალაქებს და კლინიკებს, რომლებიც ასე წარმატებულად ებრძვიან მსოფლიო სენს. რუსთავში, ქალაქის მერს 10 ათასზე მეტი პირბადე და თორმოსკრინინგის აპარატები გადავეცით მოწყვალდი ჯგუფებისთვის დასარიგებლად და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაადგება იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ჩინელ პარტნიორებს და მეგობრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით შექმნილმა საწარმომ, რომელიც უმაღლესი ხარისხის პირბადეებს უშვებს, რუსთავისთვის გვთხოვა გადმოგვეცა ადგილობრივი წარმოების პირბადეები. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ,,საპარტნიორო ფონდს“ ამ აქციისა და დახმარებისთვის. გადმოგვცეს 10 ათასზე მეტი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ისინი განსაკუთრებით იმ მოწყვლად ჯგუფებზე გადავანაწილოთ, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება; ასევე, მერიის ვიზიტორებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტისა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში საჭიროების გამო მოდიან“, განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
10 ათასი პირბადე, რომლებიც რუსთავის მერიას გადაეცა, ,,საპარტნიორო ფონდს“ მეგობრობის ნიშნად „სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციამ ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით“, „ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტმა“ და „ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიამ“, გამოუგზავნეს.
„საპარტნიორო ფონდმა“ გასულ კვირას, 10 ათასი ცალი პირბადე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ქუთაისში, ასევე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსაც გადასცა საჩუქრად. ამასთანავე, „საპარტნიორო ფონდმა“ მისი მხარდაჭერით საქართველოში დამზადებული პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა.
„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.
0