„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი  თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) გაიხსნა

10 მაი 2018 0 7843

   

საქართველოში დღეს ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა. ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა, საზეიმო გახსნის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საპატიო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.

„საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება. ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, „Elbit Systems”-ის მიერ სწორედ საქართველოს შერჩევა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი  მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იქნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან გაიარეს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან,  ისეთები, როგორებიც არიან „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ „ეარბასი“ და სხვა ლიდერი კომპანიები.

ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC)  ტექნიკური აღჭურვის პროცესი დასრულებულია. პარტნიორთა შეთანხმებით, ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული სამშენებლო მასალით აშენდა. საწარმოს კედლებისთვის და სახურავისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის" მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელები გამოიყენეს.

ELBIT Cyclone-ის შესახებ:

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში და „NASDAQ-ზე“ („ESLT“) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები