ბესიკ ბუგიანიშვილი: „საქართველო შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ცენტრი ციფრული კავშირისთვის ევროპასა და აზიას შორის“
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში, მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე, ფორუმში- „ციფრული აბრეშუმის გზის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.
ბესიკ ბუგიანიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ძალას ევრაზიაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კავშირების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს აბრეშუმის გზის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ციფრული აბრეშუმის გზა ყველა მონაწილე ქვეყანას პროგრესისა და კეთილდღეობის ახალ გზას გაუხსნის.
„დღეს, როცა მსოფლიო ციფრულ რევოლუციას ემორჩილება, ჩემს ქვეყანას სურს დაეყრდნოს თავის ისტორიულ როლს და წვლილი შეიტანოს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული პოზიციის გამოყენებით და ციფრულ ინფრასტრუქტურაში პროაქტიული ინვესტიციებით, საქართველო შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ცენტრი ციფრული კავშირისთვის, მონაცემთა ნაკადისთვის და ელექტრონული კომერციისთვის ევროპასა და აზიას შორის.
მოუთმენლად ველი თანამშრომლობისა და პარტნიორობის პოტენციური სფეროების შესწავლას, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირები და განავითაროს მდგრადი განვითარება ციფრულ სფეროში“- განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
ჩინეთში გამართული „ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების ფორუმის“ მიზანს მასში მონაწილეთა პრაქტიკული თანამშრომლობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების ძიების ხელშეწყობა წარმოდგენდა. ფორუმზე მიწვეული იყო მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებები, მეცნიერები და ექსპერტები.
0