საპარტნიორო ფონდი „გაზელ ფონდის“ პარტნიორი ხდება
30 სექტ 2016
0
3863
სს „საპარტნიორო ფონდი" კანადური საინვესტიციო ფონდის "გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება. შესაბამის შეთანხმებებს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, "გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის - Gazelle Finance LLC-ის მენეჯერმა ჯეფრი ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკის FMO წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. „გაზელ ფონდი" მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსებს. ბიზნესებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. შეთანხმების მიხედვით საქართველოში ალტერნატიული ფინანსური რესურსების წყარო გააჩენდება, რაც ახალი ბიზნესების წამოწყებისა და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტორი იქნება და ამაში საკუთარ წვლილს საპარტნიორო ფონდი შეიტანს. გაფორმებული დოკუმენტის თანახმად სს "საპარტნიორო ფონდი”, როგორც Gazelle Fund-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ფონდის კაპიტალში 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებით შედის. Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, საიდანაც მინიმუმ 60% საქართველოში დაიხარჯება. ხოლო შემდგომ ფონდის საინვესტიციო მოცულობა 70 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ფონდს მართავს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია Gazelle Finance, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO. ფონდს პარტნიორებთან ერთად აფინანსებს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" OPIC, რომელმაც ფონდს სესხის სახით გამოუყო 21 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც მეტწილად ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებით.
"გაზელ ფონდი” (Gazelle Fund) კანადაში, ონტარიოს შტატში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც Gazelle Finance დააფუძნა. მმართველი პარტნიორი Gazelle Finance კი წარმოადგენს აშშ-ში, დელავერის შტატში რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც აშშ-ს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის რეგულირებული. Gazelle Fund-ის მიზანია ინვესტიციების განხორციელება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში.
0