მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის შესახებ

02 ნოემბ 2017 0 3875

   

დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება, დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს.

სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. 

სააგენტოს დახმარებით, ექსპორტიორები გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგარ ძირითად პრობლემებს, კერძოდ, შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო აღნიშნული მიზნით შესთავაზებს ექსპორტიორ კომპანიებს ექსპორტის დაზღვევას და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.

„საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს" აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი" იქნება. სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. 

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.


   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები