Elbit Cyclone-ის სამუშაო შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდში სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა. ფონდის პარტნიორი ისრაელის კომპანიის Elbit Cyclone-ის წარმომადგენლებმა ქარხნის შენობის, აღჭურვილობისა და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე პარტნიორი კომპანიისა და ფონდის წარმამადგენლებმა პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თვითმფრინავების ნაწილებზე მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის გამო Elbit Cyclone დაინტერესებულია ქარხნის მშენებლობა დაასრულოს დათქმულ ვადებზე ადრე. საპარტნიორო ფონდმა თავის მხრივ სრული თანადგომა აღუთქვა ებრაული კომპანიის საპროექტო გუნდს. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხნის მშენებლობას საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი სექტემბერში ჩაუყარა. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. პროექტის თანახმად ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო 2018 წლის დასაწყისში პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება იგეგმება. 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებს Royal Development-ი, ქარხნის მშენებლობა მის კუთვნილ მიწაზე ხორციელდება, ხოლო ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).
0