საპარტნიორო ფონდი ჩინეთ საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობის კონფერენციაზე
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში გამართულ ჩინეთ საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის შეანსის პროვინციის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობებით არის დაინტერესებული. შეანსის პროვინციის დელეგაცია მოწვეულ იქნა დავით საგანელიძის მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, შეანსის პროვინციაში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ ისაუბრა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების პოტენციალზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შეანსის პროვინციასა და საქართველოს შორის კულტურული და ტურისტული ურთიერთობებისა გაღრმავებისთვის, ასევე ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ჩინური გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის და სხვა დარგებში. „ორი კვირაა რაც მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავინიშნე, რომელიც სახელმწიფოს უმსხვილეს აქტივებს ფლობს და რომლის დანიშნულებაც ბიზნესის ხელშეწყობა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ახალ გამოწვევებს თქვენთან ერთად წარმატებით გავართმევ თავს" აღნიშნა საგანელიძემ. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელი იქნებოდა საქართველოსა და შეანსის პროვინციას შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს გამართული კონფერენცია არის სწორედ წინაპირობა იმისა, რომ საქართველო იქნება ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა.
0