საპარტნიორო ფონდი საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობას იწყებს
საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ქარხნის მშენებლობას სიმბოლურად ჩაუყარეს საფუძველი პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, Elbit Cyclone-ს პრეზიდენტმა ბეცალელ მაჰლისმა. ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. "ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიული წარმოების განვითარებას. ასეთი ტიპის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ჯერ არ აშენებულა, რაც ვფიქრობ სხვა მსხვილ ბრენდებსაც მისცემს ბიძგს დაინტერესდნენ საქართველოში ბიზნესის გაფართოებით," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებს Royal Development-ი, რომლის კუთვნილ მიწაზე ხორციელდება ქარხნის მშენებლობა, ხოლო ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).
0