წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია საფრანგეთში
საპარტნიორო ფონდის მიერ მომზადებული წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების პროექტის პრეზენტაცია საფრანგეთის ქ. კანში MIPIM 2015-ის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართა. გამოფენაში საპარტნიორო ფონდის მხრიდან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია მონაწილეობდა, რომელმაც პროექტის პრეზენტაციისას ასევე ისაუბრა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის, მანდატის და ფონდის მიერ უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებ. „გამოფენის მონაწილეები საპარტნიორო ფონდის საქმიანობას პირველად გაეცნენ. ჩვენ მათ გავაცანით წყალტუბოს კურორტის შესაძლებლობები. მათი მხრიდან ფონდთან თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მზარდი ინტერესია," განაცხადა გიორგი დანელიამ. წყალტუბოს კურორტის აღორძინების მიზნით საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად ერთ დროს სახელგანთქმული კურორტის შესაძლებლობები გამოიკვლია და მისი განვითარების კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფციის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია რამდენიმე წლიანი პროექტია და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას. გამოფენის ფარგლებშივე გაიმართა უძრავი ქონების მსხვილ დეველოპერულ კომპანიების, საინვესტიციო ფონდების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროს ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირი შეხვედრები. გამოფენას დაახლოებით 25 000 მონაწილე ესწრებოდა ევროპის, აზიის, აფრიკის, კანადის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. საქართველოს მხრიდან, საპარტნიორო ფონდის გარდა, გამოფენაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
0