აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაცია BEN’S-ის შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდის პროექტებით დაინტერესდნენ აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაცია BEN'S-ის წარმომადგენლები, რომლებმაც ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართეს. მაღალი რანგის ამერიკულ დელეგაციას BEN'S-ის პრეზიდენტი გენერალი ნორტონ შვარცი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ხელმძღვანელობდნენ. "ჩენი ვიზიტის მიზანია შევაფასოთ ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კორიდორის კომერციული სარგებლიანობა. საპარტნიორო ფონდი კი ამ ძალისხმევის ერთ ერთი საკვანძო ხელისშემწყობია. ამიტომ ძალიან ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, რომ საშუალება გვაქვს მეტი შევიტყოთ მათი სტრატეგიის შესახებ, რაც წინსვლაში დაგვეხმარება" - განაცხადა ნორტონ შვარცმა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკულ დელეგაციაში არიან წარმატებული ბიზნესმენები, სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები - დაწყებული ფინანსებიდან და უძრავი ქონების სპეციალისტებიდან, დიდი კორპორაციის მენეჯერებამდე. მათ ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ და დელეგაცია საქართველოში ამ გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სტუმრებმა განსაკუთებული ინტერესი გამოხატეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოებთან დაკავშირებით. „ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს გავაცანით ყველა ის პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს. ამ შეხვედრის მიზანს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ქვეყანაში საინვესტიციო ვითარების გაცნობა წარმოადგენდა, შესაბამისად ფონდი მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. გავცვალეთ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით" - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლები; ამერიკული საბროკერო, საკონსულტაციო და უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების ვიცე-პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები. BENS-ი ("ბიზნესმენები ეროვნული უსაფრთხოებისთვის") კერძო ორგანიზაციაა, რომელიც 1982 წელს წამყვანი ამერიკელი ბიზნესმენების მიერ დაარსდა. ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი უმაღლესი რანგის ბიზნესმენები უანგაროდ უზიარებენ თავიანთ პარტნიორებს მთავრობიდან გამოცდილებასა და ნიჭს, იმ შემოქმედებითი და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომების ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც შემდეგში ეროვნული უსაფრთხოების მიზნით გამოიყენებენ.
0