კორეული K Water-ი საპარტნიორო ფონდთან ნენსკრას პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია KWater-ის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი გაივონ ჩოი, ვიცე-პრეზიდენტი ჰაეჟინ იანგი, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი ტაეკვონ სეო, უფროსი მენეჯერები ბიუნგკი კიმი და იუნტაკ ჩოი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდნენ. სტუმრობის მიზეზი სვანეთში მდ. ნენსკრას შესართავთან ჰიდროელექტროსადგურის პროექტით დაინტერესებაა. „მდ. ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ გამოიწვევს ისეთ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება, დასახლებული ტერიტორიის დატბორვა და ასე შემდეგ," აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე. 210 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 1.3 მილიარდი კვტ/საათი იქნება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ქართულ ბაზარს შემოდგომა-ზამთარში უწყვეტი გარანტირებული ელექტროენერგიით მოამარაგებს, ხოლო ზაფხულში მაქსიმალურ ექსპორტს უზრუნველყოფს. პროექტის მრჩეველია IFC (მსოფლიო ბანკი,), ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 600 მლნ. აშშ. დოლარია. კორეული K Water-ი ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამური აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 1.7 მლრდ აშშ დოლარს. დაარსების დღიდან, 1967 წლიდან, K Water ახორციელებს ეროვნული წყლის რესურსების მართვას და უზრუნველყოფს კორეის დიდი ნაწილის წყალმომარაგებას. იგი ასევე ფლობს: კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს. K Water-ი გარდა კორეისა ასევე ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის: კოლუმბიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში.
0