მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა

05 თებ 2014 0 2021

   

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მრავალმხრივი საინვესტიციო საგარანტიო სააგენტოს (MIGA) რეგიონალური მენეჯერი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში ოლივერ ჯ.ლ. ლამბერტი, ამავე სააგენტოს უფროსი დამზღვევი ინფრასტრუქტურის განხრით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში ქრისტოფერ მილვარდი, და მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი, მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან აჰმედ ევაიდა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს გააცნო ფონდის სტრუქტურა, მანდატი და პრიორიტეტული სექტორები. „საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2 წლის წინ დაარსა, რათა ხელი შეეწყო ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო სტრატეგიული აქტივების სწორი მართვისთვის," განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ „ ფონდისთვის პრიორიტეტული სექტორებია: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ინფრასტრუქტურა/უძრავი ქონება და სწორედ ამ სფეროებში განვიხილავთ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას." მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს გააცნეს MIGA-ს მუშაობის პრინციპები და პრიორიტეტები. „ჩვენი სააგენტოს მისიაა წავახალისოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) განვითარებად ქვეყნებში რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის შემცირებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას," განაცხადა ოლივერ ჯ.ლ. ლამბერტმა. მის თანახმად, სააგენტოს მიზანია შეუმცირონ ინვესტორებს ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს განვითარებად ქვეყნებში თანხის დაბანდებას. „არსებობს 5 მთავარი რისკი: პოლიტიკური რისკი, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, კვალიფიციურ კადრებთან წვდომა, ფინანსებთან წვდომა და მთავრობის რეგულაციების გაზრდა გლობალური მსოფლიო კრიზისის შემდეგ, რის გამოც ინვესტორები გაურბიან ასეთ ქვეყნებში საქმიანობას დაწყებას," აღნიშნა მან. ლამბერტმა ფონდის წარმომადგენლებს გააცნო MIGA-ს ხელშეწყობით უკვე განხორციელებული პროექტები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, პანამის, თურქეთის, კენიასა და ანგოლას რესპუბლიკებში. საუბარი შეეხო ასევე ფონდის მიერ ამჟამად განხილვის პროცესში მყოფ პროექტებს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. „ამჟამად ვეძებთ საიმედო ინვესტორს, რათა განვახორციელოთ 570 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე იქნება 210 მგვტ და წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ -1,194 გიგავატს საათში," განაცხადა კოვზანაძემ. შეხვედრაზე მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელონ ინფორმაციის გაცვლა და საქმიანი ურთიერთობები.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები