საპარტნიორო ფონდმა გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო
საპარტნიორო ფონდმა, შვილობილ კომპანია -„საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად, გარდაბნის რაიონში უპრეცენდენტო ენერგოპროექტის – გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. 17 იანვარს, გარდაბანში მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, „ჩალიკ ჰოლდინგის" ხელმძღვანელმა ახმედ ჩალიკმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. ცერემონიას მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ „ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად. „საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. სწორედ ამიტომ ენიჭება ამ პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა," აღნიშნა ღარიბაშვილმა. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 230 მეგავატი, ხოლო პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი. სადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. ასევე, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. „ამჟამად საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით 75 პროცენტით დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანას გააჩნია ყველა რესურსი, განამტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა," განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - "ჩალიკ ენერჯი" ახორციელებს. „თბილისიდან 40 კმ მანძილზე განთავსებული თბოელექტროსადგური 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. იგი იმუშავებს ბუნებრივ აირზე და აღიჭურვება კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიქსის" და „შკოდას" მაღალეფექტიანი ტურბინებით. ეს მას საშუალებას მისცემს, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სისტემის უწყვეტი მომარაგება. ამდენად, გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. კოვზანაძის თანახმად, გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინსვლაა. "ჩალიკ ჰოლდინგის" ხელმძღვანელმა აჰმედ ჩალიკმა მიულოცა საქართველოს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ პროექტში ჩართვა. „გარდაბნის თბოელექტროსადგური მოემსახურება საქართველოს განვითარებას და განამტკიცებს მის ენერგოდამოუკიდებლობას," განაცხადა აჰმედ ჩალიკმა.ღონისძების დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა, კახი კალაძემ, აჰმედ ჩალიკმა და ირაკლი კოვზანაძემ ხელი მოაწერეს მიმართვას - „გზავნილი მომავალ თაობას", რომელიც მოთავსდა სპეციალურ კაფსულაში და გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საძირკველში ჩაიდო.
0