ნორვეგიის მთავრობა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ნორვეგიის მთავრობის ინოვაციების ფონდის დირექტორს ერიკ ველ–ვატნეს შეხვდა. ნორვეგიის ინოვაციების ფონდი სამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც ექვემდებარება ნორვეგიის ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტროს, ნორვეგიის ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტროს და მისი მიზანი ნორვეგიული ბიზნესის საზღვარგარეთ მხარდაჭერაა. სადღეისოდ, ინოვაციების ფონდი ნორვეგიის საწარმოებთან ერთად ინვესტიციებს ახორციელებს რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ლიტვაში და პოლონეთში. ირაკლი კოვზანაძემ ნორვეგიულ დელეგაციას გააცნო საპარტნიორო ფონდის მანდატი და შესაძლებლობები. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ნორვეგიული მხარის დაინტერესება მორიგი დადებითი სიგნალია. „საქართველოს ეკონომიკა ღიაა ყველა ჯანსაღი იდეისა და ურთიერთხელსაყრელი წინადადების განხილვისთვის. ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამჭვირვალე პოლიტიკას უკვე მოაქვს კონკრეტული დადებითი შედეგები. დღევანდელი შეხვედრაც ამის დადასტურებაა. საპარტნიორო ფონდი ინტენსიურად მუშაობს ახალი საინტერესო ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად და ახალი პროექტების დასამუშავებლად. ნორვეგიელ კოლეგებს გავაცანით საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობები და ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, ასევე, უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ახლო მომავალშისაპარტნიორო ფონდი სუვერენულ ფონდად გარდაიქმნება და უფრო დაუახლოვდება იმ სპეციფიკას, რომლითაც, მაგალითად, ჩვენი ნორვეგიელი კოლეგები მუშაობენ. ამ კუთხით, მათი გამოცდილების გაზიარება და მათთან ინტენსიური პარტნიორობა კიდევ უფრო საინტერესოა. ვფიქრობ, ნორვეგიული მხარის დაინტერესება ახლო მომავალშივე კონკრეტულ ინიციატივებამდე მიგვიყვანს,"– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. ნორვეგიული ინოვაციების ფონდის დირექტორის ერიკ ველ–ვატნესის თქმით, მათთვის საქართველო საინტერესო გახდა, რამდენადაც ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. „ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამდენად, იმ სტრუქტურებთან პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით არიან დაინტერესებულნი ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. ჩვენი ფონდები სტრუქტურით და სპეციფიკით ერთმანეთს გარკვეულწილად გვანან, რაც კარგი წინაპირობაა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საპარტნიორო ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორს საქართველოში კომერციულად მომგებიან პროექტებში ინვესტიციების განხორციელებაში. ამდენად, მასთან პარტნიორობა ჩვენთვის საინტერესოა. შეხვედრაზე სრული წარმოდგენა შეგვექმნა, როგორც ზოგადად ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებისა და არსებული ბიზნეს–კლიმატის თაობაზე, ისე კონკრეტულად საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობების შესახებ. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოში ნორვეგიული ბიზნესის მხრიდან ინვესტირებით დაინტერესებას რეალური და კარგი პერსპექტივა გააჩნია,"– განაცხადა ნორვეგიის ინოვაციების ფონდის დირექტორმა ერიკ ველ–ვატნესმა.
0