ირაკლი კოვზანაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

30 სექტ 2013 0 1972

   

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს–გაერთიანების „საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა. კოვზანაძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები დაწვრილებით გაეცნენ საპარტნიორო ფონდის მანდატს, მის შესაძლებლობებს და მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს. „ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ფორმატით ჩვენი შეხვედრა, რადგან ბიზნეს ასოციაცია არის ის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია პრაქტიკულად ყველა ის ბიზნეს-სუბიექტი, რომელთა გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, საკმაოდ ოპტიმისტურ შედეგებზე გაგვიყვანს. მთავარი, რაც მახარებს, არის ის, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე შეიქმნა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის პრეცენდენტები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ასეთი მაგალითები გაცილებით მეტი იქნება", – მიმართა კოვზანაძემ შეხვედრის მონაწილეებს. ბიზნესმენთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საპარტნიორო ფონდის მხრიდან ბიზნეს–სექტორისადმი მიდგომამ, რაც საინვესტიციო პროექტებში შესვლას, ამ პროექტების გრძელვადიანი კაპიტალით ან სუბორდინირებული სესხით უზრუნველყოფას, მათ გამართვას და შემდგომ პროექტებიდან გასვლას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომის გამოხატვა ძალიან დადებითი მესიჯია ბიზნესისადმი.„ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, რომ ბიზნესისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს და მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობის რეალური ბერკეტების ამუშავებით შემოიფარგლება. ამის მაგალითია ის პრაქტიკა, რასაც საპარტნიორო ფონდი ეწევა და რის შესახებაც დღეს ჩვენ ფონდის დირექტორის ირაკლი კოვზანაძისგან მოვისმინეთ", – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, დღეს ბიზნეს–სექტორმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რომ საპარტნიორო ფონდი არის რეალური სტრუქტურა, რომელიც ქართულ ბაზარს აწვდის გრძელვადიან კაპიტალს, რისი დეფიციტიც არის საფინანსო ბაზარზე. ჩვენი ამოცანაც ეს არის, – შევავსოთ ქვეყანაში სტაბილური გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტი და გავიყოთ რისკი ინვესტორებთან. ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს საქართველოში ბიზნეს–სექტორს აინტერესებს" - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები