ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მარკ გრიფიტსთან, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ედუარდ მარტინთან და ფისკალური მისიის ხელმძღვანელთან დიმიტრი რადევთან შეხვედრისას საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობასა და საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების პროცესზე ისაუბრა.საუბარი ასევე შეეხო სუვერენული ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების დაკომპლექტების წესებს და ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეთოდებსა და კრიტერიუმებს. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის პროცესი. „უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სწორედ სავალუტო ფონდთან და სუვერენული ფონდების ჩამოყალიბების დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Reed Smith"-ან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. ვფიქრობ, 2013 წლის ბოლომდე საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურა დასრულდება და საპარტნიორო ფონდი ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც სუვერენული ფონდი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
0