ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის“ დელეგაციის ვიზიტი
26 აგვ 2013
0
1713
საპარტნიორო ფონდს ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის" დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ქ-ნ ცვეტელინა ბორისლავოვა ხელმძღვანელობს.
ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი" წარმოადგენს ბულგარეთის ერთ-ერთ განვითარებულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია მუშაობის წარმატებული გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სოფიის საფონდო ბირჟაზე კოტირებული ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი" ფოკუსირებულია მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე კრედიტებისა და სხვა საბანკო პროდუქტების მიწოდების გზით ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა ალტერნატიული სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკის ეფექტიანობა, განახლებადი ენერგია და მდგრადი ურბანული განვითარება.
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრისას, „კრედიტ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდის მისია და პოლიტიკა ემთხვევა „კრედიტ ბანკის" ხედვას, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარებას კერძო-საჯარო პარტნიორობითა და სხვა ინიციატივებით. „ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში და მოხარული ვარ, რომ შევხვდით ჯგუფს, რომლის მთავარი ინტერესი სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ახალი პროექტების ინიცირებაა. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციები იოლად გამონახავენ საერთო ენას და ბულგარულ-ქართული ერთობლივი პროექტები წარმატებით განვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამ მოცულობის ზრდა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროექტების ხარჯზე, სავსებით შესაძლებელია", განაცხადა ცვეტელინა ბორისლავოვამ.
ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, დღითიდღე მატულობს საერთაშორისო ინტერესი საპარტნიორო ფონდის საქმიანობისა და მისი შესაძლებლობების . „ბოლო ერთ თვეში ფონდმა უმასპინძლა უნგრელ, თურქ და ბულგარელ ინვესტორებს, აღარაფერს ვამბობ ფონდის საქმიანობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის დაინტერესების მნიშვნელობაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ბულგარულ დელეგაციას, მათი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და ჰიდროენერგეტიკით და დამთავრებული სოფლის მეურნეობით. მათი ინტერესები სრულად პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოკლე ხანშივე ბულგარულ-ქართული თანამშრომლობის მასშტაბი გაიზრდება და ამაში ჩვენი ფონდი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
0