„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ იტალიური კომპანია “Pizzarotti”-ის წარმომადგენლები მიიღო

23 იანვ 2018 0 2880

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იტალიური სამშენებლო კომპანია “Pizzarotti”-ის წარმომადგენლები მიიღო. კომპანია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობით ინტერესდება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობის პრინციპები გააცნეს და ინფრასტრუქტურულ სფეროში მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის მანდატის, სტრუქტურისა და სტრატეგიის შესახებ ესაუბრა. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანია “Pizzarotti”-ის რეგიონულმა დირექტორმა ფერუჩიო ბრაზილიმ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია 100-ზე მეტი წელია მუშაობს იტალიის ბაზარზე და ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე და სამედიცინო პროექტების მენეჯერი ზვიად კირტავა ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „საპარტნიორო ფონდს“ მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა. ეს საავადმყოფოებია: შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო); სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო); შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“. 

კომპანია “Pizzarotti”-ის შესახებ:

“Pizzarotti” (Impresa Pizzarotti & C. S.p.A.) მსხვილი იტალიური სამშენებლო კომპანიაა, რომელიც იტალიურ ბაზარზე საუკუნეზე მეტი ხანია ერთერთ ლიდერ პოზიციაზეა. კომპანია საქმიანობას მსოფლიოს 20 ქვეყანაში ახორციელებს და მისი კაპიტალბრუნვის 70 პროცენტი სწორედ საზღვარგარეთ წარმოებულ პროექტებზე მოდის. მისი ძირითადი საქმიანობა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას ითვალისწინებს, მათ შორის, ხიდების, გზების, რკინიგზისა და მიწისქვეშა მშენებლობას. კომპანია, აგრეთვე, წარმატებით მოღვაწეობს ჯანდაცვის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები