„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა იაპონიის ბიზნეს-წრეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ იაპონიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის მანდატის, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Sumitomo Corporation, Marubeni, Japan Tabacco International, Hazama-Ando Corporation, Sojitz Machinery Corporation, Mitsubishi Corporation, IHI Infrastructure Systems, H&N Wine Japan, Itochu Corporation, Toyota Caucasus, JETRO და JICA.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ ბიზნეს-წრეების შეხვედრაზე იაპონურმა კომპანიებმა საკვები პროდუქტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური პროდუქციისა და სხვა დარგებში ჩართულ ქართველ იმპორტიორებთან, ექსპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და მყიდველებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
0