„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ „გალტ & თაგარტის“ მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციას „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის მენეჯმენტი ესწრებოდნენ.
„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევაში დეტალურად იყო განხილული ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები და ის მიმართულებები, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. კვლევაში მოიცავდა მომავალი წლების პროგნოზებსაც, მათ შორის, იმას, რომ შესაძლოა, საქართველომ 2022 წლისთვის 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც ქვეყნის მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია.
კონფერენციის მეორე ნაწილი სადისკუსიო პანელს დაეთმო, რომლის მთავარი თემა უახლოესი წლების მანძილზე, დიდი ოდენობით ტურისტის მასპინძლობა და მათი დახვედრის მზადყოფნა იყო.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ფონდისთვის ერთერთი პრიორიტეტულია. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა პოტენციურ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ფონდი პარტნიორებთან ერთად გეგმავს და ხაზი გაუსვა, რომ ამ სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის სხვა დარგებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.
„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ღონისძიების მთავარი მიზანი სექტორის აქტიური მონაწილეებისთვის ერთიანი სივრცის შექმნა იყო, სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობისა და დისკუსიისთვის.
0