„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ყაზახეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ყაზახეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ასტანაში გამართული ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა. ფორუმი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა გლობალური განვითარება, ციფრული ეკონომიკა და თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიები.
ყაზახეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „ყაზმუნაი გაზის“ მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელი საუატ მინბაევი, მისი მრჩეველი დანიარ ბერლიბაევი, „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორი დიმაშ დოსანოვი, ქართული მხრიდან კი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარიძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზს“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილეს; ასევე, საქართველო-ყაზახეთს შორის ტურიზმის სექტორში ურთიერთობის გასააქტიურებლად კონკრეტული ამოცანები დასახეს; აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზ სერვისს“ შორის „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ წილის გადაცემას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ყაზმუნაი გაზ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა კაირატ მაირამოვიჩ ასკაროვმა მოაწერეს.
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ასტანაში გამართული სამთავრობო შეხვედრების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.
0