„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა

30 მაი 2018 0 2693

   

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. მინსკის ფორუმზე სინგაპურის, კორეის, ჩინეთისა და ჰონგკონგის ბიზნეს დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილნი.

ბელარუსი ახალი პლატფორმაა აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის, სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის მიზნით.

ფორუმი საუკუნის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ იმპლემენტაციისა და საინვესტიციო პერსპექტივების, ასევე, რეგიონის ქვეყნებს შორის ინტეგრაციული პროცესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს მოიცავდა.

 მინსკის ბიზნეს ფორუმს ორგანიზება ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაუწია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, სიტყვით წარდგა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასა და საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტების ბელარუსში ექსპორტის  საკითხს. ეს გადაწყვეტილება საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას მიიღეს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ლუკაშენკოს. სწორედ, მისი მხარდაჭერით, მინსკში დავაარსეთ შვილობილი კომპანია, რომელიც ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ბელარუსის ბაზარზე შეიტანს, რაც დადებითი ფაქტორია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე - ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, განაცხადა ფორუმზე დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და თავის მოხსენებაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საერთაშორისო თანამშრომლობისათვის მნიშვნელობისა და საუკუნის პროექტში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ფორუმის ფორმატით  მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს. 

ბიზნეს ფორუმი ბელარუსში სპეციალურად საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად დაიგეგმა. ფორუმის მონაწილეები ბელარუსში საქართველოს საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის წევრებმა ფორუმის ფარგლებში, B2B შეხვედრებიც გამართეს. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები