ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ“ მოეწყო.
ფოტოგამოფენა ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის მეგობრობის სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან რუხის სავაჭრო ცენტრის დღევანდელ ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.
ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა „გორდელამ“ მიიღეს. ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ აუდიტორიას ახალი პროგრამა „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.
ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.
რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ მიმდინარეობს და მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალის აქტივობები სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, ფესტივალებს, კონკურსებს, შეჯიბრებებს, მარათონს, დაჯილდოვებებს, ფილმების ჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებსა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დიდ ეკრანზე პირდაპირ ტრანსლირებას მოიცავს.
რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:
სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.
0