„საპარტნიორო ფონდმა“ პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ქართულ და პოლონურ ბიზნეს დელეგაციებს გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიეცათ.
პოლონურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მიზანი პოლონური კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაცნობა იყო. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, საინვესტიციო მანდატისა და სტრატეგიის შესახებ ისაუბრა, აგრეთვე, ფორუმის მონაწილეებს ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ბიზნეს-ფორუმის გახსნისას სიტყვით წარდგნენ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.
ბიზნეს-კონფერენციაში 100-ზე მეტმა ქართულმა და პოლონურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებითა და კომპანია IBCCS-ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განხილვის შემდეგ საექსპორტო მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. პანელური სესიების შემდეგ კი ქართული კვებისა და სასმელების მწარმოებელი, სამშენებლო, ტურისტული, საკონსულტაციო და ლოგისტიკური კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს პირისპირ (B2B) შეხვედრების ფორმატში შეხვდნენ.
ვარშავაში ჩატარებული ბიზნეს-კონფერენციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო და დაანონსდა ქართულ-პოლონური ბიზნეს-ფორუმი, რომელიც თბილისში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
0