„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 20-მდე ქართულმა კომპანიამ ჩინეთის „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის გამოფენაში“ მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 20-მდე ქართულმა კომპანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის გამოფენაში“ მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური გამოფენა „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს შორის აბრეშუმის გზის განვითარების ხელშეწყობა იყო.
საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის ქალაქ ტუნკუანში გაიხსნა და ტურიზმისა და წარმოების სექტორებზე იყო ორიენტირებული. „საპარტნიორო ფონდისა“ და გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის თანამშრომლობის შედეგად, რომელიც 2017 წელს, ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდა, წელს მსოფლიოს 147 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ღონისძიებაზე სხვადასხვა სექტორის ოცამდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლების, ტურისტული, ბალნეოსერვისის, თაფლის მწარმოებელი და აუდიტორული კომპანიები. მათ საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ათასობით დამთვალიერებლის წინაშე წარდგენის საშუალება მიეცათ.
„21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის გამოფენაზე“ „საპარტნიორო ფონდმა“ საინვესტიციო პროექტების გარდა, თავისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული ბენეფიციარების პროდუქცია წარადგინა: ვაშლის ჩიფსები, ღვინის ჩაი და მეორადი საბურავების გადამუშავების პროექტი. ამასთანავე, „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, მოეწყო საქართველოს ტრადიციული კუთხე, სადაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცათ.
გამოფენის საშუალებით, „საპარტნიორო ფონდის“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ჩინეთის უდიდეს ბაზარზე შესვლას და ქართული კომპანიების ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლებისთვისა და ინვესტორებისთვის გაცნობას.
0