„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში წარმოების გადმოტანისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი გააფორმა

05 ნოემბ 2018 0 3268

   

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (CIIE) იღებს მონაწილეობას. შანხაში მიმდინარე გამოფენაზე 50-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში წარმოების გადმოტანისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტს მოაწერა ხელი.

საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ არის ინიცირებული და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, „საპარტნიორო ფონდისა“ და  პროექტ „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლები შედიან.

„საპარტნიორო ფონდმა“ გამოფენის ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის საბოლოო შეთანხმება შედგა „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის ჰუაჟაო ENTERPRISE MANAGEMENT-ს შორის. მხარეებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების საფუძველზე გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ქურთუკების საწარმო გაიხსნება. პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის აშენება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მაღალი ხარისხის ქურთუკები დამზადდება. საწარმოს მშენებლობა ქალაქ ტყიბულში გადაწყდა. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია. საქართველოში წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდული ქურთუკები ევროკავშირის ბაზარზე გამოჩნდება. მოლაპარაკებები „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინურ მხარესთან ამ თემაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა და საქართველოში წარმოების გადმოტანის საკითხთან დაკავშირებული პროცედურები.

„საპარტნიორო ფონდმა“, ასევე, ჩინეთის Anhui ANZ Food Limited-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ინდუსტრიული პარკი იმპორტის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და  მარკეტინგის მიმართულებით, 2019 წლიდან იმუშავებს. თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ საშუალებით, ქართულ კომპანიებს მიეცემა შესაძლებლობა სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, ისევე, როგორც სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით. თავისუფალი ეკონომიკური ზონა  მთავრობასთან თანამშრომლობით ექსპორტიორებს  6 პლატფორმას სთავაზობს: პროდუქციის მიღება, შეფუთვა დასაწყოება, გაყიდვების პოპულარიზაცია, მარკეტინგი, ბაზარზე დამკვიდრება,  იურიდიული, თარჯიმანთა მომსახურება და  რეალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა გულისხმობს სპეციალურ ტარიფებს და ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმებს. საშეღავათო ფასებს საბაჟოზე, როგორც მწარმოებლებისთვის, ასევე,  მომხმარებლებისთვის,  რაც  პროდუქტს გააიაფებს და კონკურენტუნარიანს გახდის.

„ჩინეთ-საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ გავაფორმეთ რამდენიმე  შეთანხმება ჩინურ მხარესთან საქართველოში წარმოების გადმოტანისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. ქართველი ექსპორტიორებისთვის ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის კარი საშეღავათო პირობებით იხსნება. ჩინური მხარე ქართველი მეწარმეებისთვის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ხსნის, რომელიც ქართული პროდუქციის მილიარდნახევრიან ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ, ასევე, საქართველოში ქურთუკების ფაბრიკის შექმნაზე. აქ არსებული ქურთუკების ქარხანა მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტს Long Ge Investment Consulting Co.-ს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. ამ საკითხზე მხარეები სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და მემორანდუმი  სამომავლო თანამშრომლობის დაწყების საწინდარია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები