„საპარტნიორო ფონდს“ „ჩინეთის ბანკის“ ყატარის წარმომადგენლობის პრეზიდენტი ეწვია
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ ფონდში მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“, ყატარის წარმომადგენლობის პრეზიდეტი ჯონსონ ლინი და ბანკის გენერალური მენეჯერი ადამ ლიუ მიიღო.
ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია და ფონდის ფინანსური დეპარტამენის დირექტორის მოადგილე სოსო მამუკელაშვილი ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე „ჩინეთის ბანკის“ ყატარის წარმომადგენლობის პრეზიდეტს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, გააცნო სტრატეგიული მიმართულებები და ის სფეროები, რომლებშიც „საპარტნიორო ფონდი“ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხში „საპარტნიორო ფონდი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც უწყობს ხელს. ის სექტორები, რომლებშიც ფონდი კაპიტალდაბანდებას ახორციელებს „ჩინეთის ბანკისთვისაც“ პრიორიტეტულია. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, განაცხადა ჯონსონ ლინმა.
„ჩინეთის ბანკის“ ყატარის წარმომადგენლობის დელეგაციამ ინტერესი საქართველოს ინფრასტრუქტურის, საავიაციო, ენერგეტიკისა და მაღალტექნოლოგიური წარმოების სექტორების მიმართ გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის წახალისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.
0