დავით საგანელიძე: „მნიშვნელოვანია რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“
„მნიშვნელოვანია რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“, ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე გააკეთა, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, წყალტუბოში გაიმართა.
ფორუმზე სახელწოდებით „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ მონაწილეებმა რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.
„საპარტნიორო ფონდის პროექტები საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. რეგიონების განვითარება ფონდის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. რეგიონებში ჩვენი პროექტები ხორციელდება იმისთვის, რომ ადგილზე ახალი შესაძლებლობები შევქმნათ. ფონდი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში საინვესტიციო პროექტებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალურად შესწავლა“, განაცხადა დავით საგანელიძემ
ფორუმის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
0