მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაცია „Sinosure“-ი „საპარტნიორო ფონდს“ თანამშრომლობისთვის საუკეთესო პლატფორმად მიიჩნევს

27 ივნ 2019 0 2591

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში მსოფლიოში უმსხვილესი ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

დელეგაციას „Sinosure“-ის პროდუტების მართვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლაი ტუფენგი ხელმძღვანელობს.

მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია „Sinosure“-ი ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს აზღვევს და მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას. ამ დროისთვის კორპორაციას 610 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი აქვს დაზღვეული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს შეხვდა. „Sinosure“-ი საქართველოსთან თანამშრომლობის საუკეთესო პლატფორმად „საპარტნიორო ფონდს“ მიიჩნევს. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისა და დაფინანსების მოდელების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ცხადჰყოფს ჩინეთის პოლიტიკური და სამთავრობო წრეების მხრიდან ინტერესს და მზაობას საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს „აბრეშუმის გზის“ პროექტში. ჩინური მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტულ დერეფანს. თავის მხრივ, საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით და მოქნილი საგადასახადო სისტემებით ინვესტორებს ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფოდსა“ და „Sinosure“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს პეკინში გაფორმდა. მემორანდუმი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები