დავით საგანელიძე: „საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს“
„საპარტნიორო ფონდმა“ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის, „სტარტაპ საქართველოსა“ და „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC) პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.
საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების გააქტიურების მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ ბათუმში შეხვედრებს მართავს.
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდა და ის მზა საინვესტიციო პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ. ფონდის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია შეხვედრის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიაწოდა.
დავით საგანელიძე ადგილობრივ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები და კონკრეტული პროექტები ბიზნეს სექტორს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC) დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა და კომპანიის მენეჯმენტმა გააცნო.
საუბარი ეხება, აჭარაში რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხს. კერძოდ, აკვაკულტურისა და მეთევზეობის განვითარებას, ხილის სამაცივრე მეურნეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობას, აჭარის მაღალმთიან რაიონებში რძის შეგროვებისა და გადამამუშავებელი საწარმოს, ასევე, სამშენებლო მასალების ქარხნის მშენებლობის საკითხებს.
0