ტაილანდის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირებით ინტერესდება
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ ფონდში ტაილანდური კომპანია „B.Grimm“-ის დელეგაცია მიიღო. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირებით ინტერესდებიან.
შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ტაილანდის ბიზნეს დელეგაციას ფონდის მიერ განხორციელებული ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გააცნო. კომპანია „B.Grimm“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა იან ტენერმა კი აღნიშნა, რომ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკის, ჯანდაცვის, უძრავი ქონებისა და ტრანსპორტირების სფეროში წარმატებით ოპერირებენ და საქართველოში, თბოელექტროსადგურების მშენებლობის მხრივ, დიდ პოტენციალს ხედავენ.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ, ფონდის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჩოლოყაშვილმა ტაილანდის ბიზნეს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკური გარემოს, საინვესტიციო პოტენციალისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა ენერგოსექტორში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით, უახლოესი გეგმები დასახეს.
0