„საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანებასთან ერთად ქართულ კომპანიებს 1.3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება
„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ფონდს „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტი და ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტი იანგ სი ეწვია.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ ტექნიკური დეტალებისა და საშეღავათო პირობების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც ქართული კომპანიები ჩინეთის ინდუსტრიულ პარკში ისარგებლებენ. კერძოდ, ჩინეთის მხარე „სპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის ფორმატში, ქართულ კომპანიებს ანხუეის პროვინციის (0,5 მლრდ. მოსახელობა) ინდუსტრიულ პარკში ერთწლიან უფასო სასაწყობე და საგამოფენო ფართებს, ასევე, პროდუქციის უფასო რეკლამირებას სთავაზობს.
ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის მოსაზრებების გაცნობის მიზნით, ფონდის მენეჯმენტმა და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრა ქართულ კომპანიებთან, კერძოდ (პირველ ეტაპზე) ქართველ ღვნის მწარმოებლებთან გამართეს.
„„საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, ქართველ მეწარმეებს ჩინეთის 1.3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმაროს. ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ფონდის მხარდაჭერით, ჩინეთის სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცე ქართულ კომპანიებს ამ დრომდე არაერთხელ დაეთმოთ. ამჯერად, ქართველ მეწარმეებს კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, ახლა უკვე ანხუეის პროვინციაში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ“, განაცხადა შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ.
შეხვედრაზე ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა იანგ სიმ კერძო სექტორის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა ქართველი მეწარმეები, რომლებიც წელს შანხაიში დაგეგმილ იმპორტის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას ანხუეის პროვინციის ინდუსტრიულ პარკში მიიწვია და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოფენო სივრცეები შესთავაზა.
„ჩვენი და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი თანამშრომლობის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებიც დამოუკიდებლად სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებას ვერ ახერხებენ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ ჩინეთის დიდ ბაზარზე დამკვიდრებაში“, განაცხადა „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა და ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტმა იანგ სიმ.
მხარეები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატში ერთობლივ წინადადებებს შეიმუშავებენ.
0