დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად“

23 ოქტ 2019 0 3268

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია წარიმართა სახელწოდებით „აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის“.

„საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას უცხოელ თუ ქართველ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „საპარტნიორო ფონდი“ საკმაოდ მნიშვნლოვან როლს ასრულებს და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ფონდის მიერ ინვესტირებული ერთი დოლარი საშუალოდ შვიდი დოლარს იზიდავს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ ინვესტორებისთვის „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ საუბრისას.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა განმარტა ფონდის ინვესტირების პრინციპები და აღნიშნა, რომ ფონდი დივერსიფიცირებული მიმართულებებით ახორციელებს თავის საქმიანობას.

„ჩვენ პარტნიორებს ვაძლევთ საშუალებას, ინვესტირების გზით განავითარონ ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. თუმცა, ფონდისთვის დღესდღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესების, მაღალტექნოლოგიური წარმოების, ინოვაციური პროექტების, ასევე ექსპორტსა და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა, რაც, ქვეყნისთვის ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

პანელური დისკუსიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს თბილისში მესამედ ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ჩატარდა და მას  2000-მდე სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები