„დიდია უნგრეთის ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ“ - „საპარტნიორო ფონდს“ უნგრეთის ელჩი და სახელმწიფო მინისტრი ესტუმრნენ
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორია ჰორვატი და ეკონომიკური სტრატეგიისა და რეგულაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი გიორგი ლასლო მიიღო.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, მისმა მოადგილემ გიორგი დანელიამ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა უნგრეთის დელეგაციას ფონდის მანდატი და ინვესტირების პრინციპები გააცნეს. ეკონომიკური სტრატეგიისა და რეგულაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ლასლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მოქნილი საგადასახადო სისტემისა და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების გამო, ძალიან დიდია დაინტერესება უნგრეთის ინვესტორების მხრიდან, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან საუბრის შემდეგ, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაინტერესებულ ბიზნესებს ფონდთან თანამშრომლობისა და საქართველოში ინვესტირების უპირატესობებს გააცნობს.
საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია უნგრეთში, ბიზნეს წრეებთან და პოტენციურ ინვესტორებთან შესახვედრად მიიწვია.
0